ქოლესტერინი, ათეროგენობის ინდექსი ( კოეფიციენტი)
ათეროგენობის კოეფიციენტი არის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის რისკის და აქედან გამომდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბების რისკის მაჩვენებელი. ათეროსკლეროზული „ფოლაქის“ ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საერთო ქოლესტერინის დონეს, არამედ შეფარდებას მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს შორის. სწორედ ესაა ათეროგენობის კოეფიციენტი.
კოეფიციენტის გასაანგარიშებლად საჭიროა განისაზღვროს საერთო ქოლესტერინი. იგი წყალში უხსნადია, მისი კომპლექსი აპოპროტეინთან (გადამტანთან) ერთად არის ლიპოპროტეინი, რომლელიც სიმკვრივის მიხედვით არის: ძალიან დაბალი, დაბალი და მაღალი სიმკვრივის. დაბალი სიმკვრივის („ცუდი“) ლიპოპროტეინები ქმნიან სისხლძარღვებში „ფოლაქებს“, მაღალი სიმკვრივისას („კარგი“) პირიქით -- „გააქვს“ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი სისხლძარღვებიდან. წარმოქმნილი ფოლაქები ავიწროვებენ სისხლძარღვების სანათურს და არღვევენ სისხლის მიმოქცევას მისგან გამომდინარე იშემიით, ინფარქტით, ინსულტით და ასე შემდეგ.
ქოლესტერინის გარეშე ორგანიზმში ვერ ყალიბდება უჯრედის მემბრანა, ორგანიზმის ზრდის და გამრავლების ჰორმონები, ნაღვლის მჟავები, რომლითაც ხდება ნაწლავებში ცხიმების შეწოვა.
მხოლოდ საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში არაა საკმარისი ათეროსკლეროზის რისკის ან მკურნალობის შედეგიანობის განსასაზღვრავად, აუცილებელია გაკეთდეს
ლიპიდოგრამა, გამოკვლევა რომელშიც შედის:
· საერთო ქოლესტერინი
· ლიპოპროტეინები (დაბალი და მაღალი სიმკვრივის)
· ტრიგლიცერიდები
· ათეროგენობის კოეფიციენტი.
ლიპიდოგრამა უნდა გაუკეთდეს:
· ასაკობრივად მამაკაცებს 40 წლის ზემოთ, ქალებს 50 წლის ზემოთ (ან მენოპაუზის პერიოდში)
· ყველა პაციენტს, რომელიც იმყოფება დიეტაზე (განსაკუთრებით ცხოველური ცხიმების შეზღუდვით).
· ჰიპერტონია. გულის რითმის დარღვევა, მანკი, აქვს გადატანილი ან მემკვიდრეობაში იშემია ან ინფარქტი, ინსულტი.
· აქვს შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი.
· ღებულობს მედიკამენტებს ლიპიდების დონის შესამცირებლად.
· აუტოიმუნური დაავადებები (ფსორიაზი, სისტემური წითელი მგლურა და ა.შ
· თირკმლის ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.
· ჭარბი წონა
· დისლიპიდემია - ანუ ლიპიდური ცვლის მემკვიდრეობით განპირობებული მოშლა უკვე ბავშვთა და მოზრდილთა ასაკში იჩენს თავს.
ათეროგენობის კოეფიციენტი - ნორმა 2- 3,5.
· მომატებული ათეროგენობის კოეფიციენტი (4 და ზემოთ) გასაგებად მიუთითებს იმაზე, რომ უკვე შეუძლებელია ამ რაოდენობის ქოლესტერინის გამოძევება ორგანიზმიდან. შესაბამისად ქოლესტერინი ილექება სისხლძარღვებზე და ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
· ათეროგენობის დაბალი კოეფიციენტი განსაკუთრებით ხშირია ხანგძლივ დაბალცხიმიან დიეტაზე მყოფ ახალგაზრდებში, ვეგეტარიანებში და ორგანიზმის გამოფიტვაზე მიუთითებს. სპორტსმენებში -ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს, ჰორმონალური პრეპარატების ფონზე და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ბავშვებს -თუ ათეროგენობის ინდექსი დაბალია, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვის კვებას, ტკბილეულის ბევრი სახე თითქმის არ შეიცავს ლიპიდურ კომპონენტებს. ბავშვის ორგანიზმს ქოლესტერინი ჭირდება უჯრედების საშენ მასალად, ორგანიზმის სისტემების ფუნქციონირებისათვის. მაგალითად, გოგონას სასქესო სისტემის დროული ჩამოყალიბებისთვის და ფუნქციონირებისათვის, ციკლის რეგულირებისათვის.
და ბოლოს, თავის ტვინის ნახევარსფეროებში თავმოყრილია დიდი რაოდენობით ცხიმები და ზოგადად ორგანიზმში და ტვინში ცხიმების დეფიციტი, რომელსაც გვიჩვენებს დაბალი ათეროგენობის კოეფიციენტი სხვა მაჩვენებლებთან ერთად, გავლენას ახდენს სკოლის მოსწავლის ცუდი მოსწრების მიზეზი.