პალიატიური მზრუნველობა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას აუმჯობესებს - Med 11

გამოცდილება ქმნის ხარისხს

Get UPdate

სოც ქსელები

პალიატიური მზრუნველობა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას აუმჯობესებს

პალიატიური მზრუნველობა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას აუმჯობესებს

ქრონიკული ან ონკოლოგიური დაავადებების არსებობამ, ადამიანის სიცოცხლის ხარისხი შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს. თუმცა, არის საშუალება, რომ ცხოვრების ეს რთული ეტაპი შეიმსუბუქოთ. გზა, რომელსაც ბევრი ადამიანი ირჩევს, პალიატიური მზრუნველობაა. ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ ისევე, როგორც თავად ცხოვრება, პალიატიური მზრუნველობა გადის სხვადასხვა ეტაპს, სადაც თითოეული ნაბიჯი გთავაზობთ სამედიცინო, ემოციურ, სულიერ და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას.

 

პალიატიური მზრუნველობა სპეციალიზებული სამედიცინო დახმარებაა, რომელიც ორიენტირებულია ქრონიკული და ინკურაბელური დაავადებების სიმპტომებისა და სტრესის შემსუბუქებაზე. პალიატიური დახმარების მთავარი მიზანია, პაციენტისთვის და მისი ახლობლებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

 

პალიატიურ მზრუნველობას ახორციელებს ექიმების, ექთნების და სხვა სპეციალისტების საგანგებოდ მომზადებული გუნდი, რომელიც მუშაობს პაციენტთან დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. პალიატიური მზრუნველობა ეფუძნება პაციენტის საჭიროებებს და არა პაციენტის პროგნოზს. იგი მიზანშეწონილია, მძიმე ავადმყოფობის დროს, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ სტადიაზე და მისი უზრუნველყოფა შესაძლებელია დაავადების მკურნალობასთან ერთად.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 40 მილიონი ადამიანი საჭიროებს პალიატიურ მზრუნველობას და მხოლოდ 14% იღებს მას. სტატისტიკა მიუთითებს, რომ მთელს მსოფლიოში არსებობს ქრონიკული, უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვის პრობლემა.

 

საქართველოში ამჟამად არსებული პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამა, პაციენტს სწორედ ასეთი ტიპის დახმარებას სთავაზობს. ამ პროგრამის სტაციონარული მომსახურება მოიცავს ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობასა და სიმპტომურ მკურნალობას. საჭიროების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აღენიშნება რომელიმე განუკურნებელი დაავადების ან შიდსის გვიანი სტადია. პროგრამა არ ვრცელდება ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებზე. მომსახურების მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა ან მისმა მომვლელმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ან მიმართოს იმ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას. სტაციონარული პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაში ტრანსპორტირება, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება რეფერალური დახმარების ბრიგადის მიერ. ამავე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები იმ ინკურაბელური პაციენტების უზრუნველყოფა მედიკამენტებით, რომელთაც ექიმის დანიშნულებით ესაჭიროებათ ბინაზე ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

 

მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი საკმარისად ფართოა.


ბინაზე პალიატიური პაციენტების მომსახურების საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.